logo
ENG



მინსკი "გაგებითა და პატივისცემით" ეკიდება რუსეთის მიერ ლუგანსკისა და დონეცკის აღიარებას

22 თებ 202218:37
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/22/yq3st6f5jf6pr2e.jpg

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ "პატივისცემითა და გაგებით" ეკიდებიან რუსეთის გადაწყვეტილება ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა აღიაროს. თუმცა თავის განცხადებაში საგარეო უწყება არაფერს ამბობს თავის მხრიდან აღნიშნული რეგიონების აღიარებაზე.

თავის განცხადებაში მინსკი აღნიშნავს, რომ არაერთხელ განუცხადებია რიგი დასავლური ქვეყნების ხელმძღვანელებისა და პოლიტიკოსების "დაუფიქრებელი ქცევის" საფრთხეზე. რეგიონში დაძაბულ ვითარებაზე კი პასუხისმგებლობას ევროკავშირსა და აშშ-ს აკისრებს.

"ასეთ სიტუაციაში ჩვენ პატივისცემითა და გაგებით ვიღებთ რუსული მხარის გადაწყვეტილებას დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით. რუსეთის ამ ნაბიჯს აქვს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სერიოზულად ადამიანური, ჰუმანიტარული განზომილება, რუსეთის მოქალაქეების რაოდენობის გათვალისწინებით, რომლებიც ცხოვრობენ აღნიშნულ ტერიტორიებზე", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გარდა ამისა, მინსკი აღნიშნავს, რომ ოკუპირებული დონბასის საკითხში აპირებს, რუსეთთან მოკავშირეობა გაითვალისწინოს.

"ბელორუსული მხარე თავის შემდგომ ქმედებებში აპირებს ამოვიდეს ყველა მხარის კეთილსინდისიერი დამოკიდებულების პრინციპებიდან, რომელიც საკუთარ თავზე აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას ეხება, ასევე, მოძმე რუსეთთან სტრატეგიული ალიანსიდან და გაითვალისწინოს ვითარების შემდგომი განვითარება", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, მინსკს მიაჩნია,რ ომ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით კონფლიქტის დარეგულირებისთვის პრიორიტეტი დიპლომატია უნდა იყოს.

21 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა. რამდენიმე საათში კი დონბასში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა. რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში ნათქვამია, რომ ჯარები "მშვიდობის დამყარების მიზნით" შეჰყავთ. 

რუსეთის პასუხად გერმანიამ Nord Stream 2-ის გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა.  

თემთა პალატაში დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა რუსეთის მიმართ ახალი სანქციები წარადგინა. სანქციები დაუწესდება 5 რუსულ ბანკს - როსია, IS ბანკი, გენერალური ბანკი, პრომსვიაზბანკი და შავი ზღვის ბანკი. ასევე, სანქციები შეეხო პუტინთან დაახლოებულ სამ ოლიგარქს: გენადი ტიმჩენკოს, ბორის როტენბერგს და იგორ როტენბერგს.


close დახურვა